13 Aralık 2015 Pazar

გასაოცარი და დაუჯერებელი ისტორია გემზე

1943 წელს ა.შ.შ-ს საზღვაო ძალებმა მოინდომეს, რომ შეექმნათ საზღვაო ხომალდი,რომელიც მოწინააღმდეგეების რადარებისთვის უჩინარი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ხომალდი “ელდრიჯი”, რომელსაც საფუძვლად აინშტაინის გათვლები ედო, გამომცდელებმა ხომალდზე დააყენეს სპეციალური რადარები და გადაწყვიტეს, რომ გემი გაეტესტათ. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა…გემი გაქრა, ოღონდ არა მხოლოდ რადარებისთვის…. გემი საერთოდ გაქრა,უხილავი გახდა…. გარკვეული დროის შემდეგ, ელდრიჯი სხვა ადგილას იპოვეს, ნახევრად მკვდარი და ნახევრად შეშლილი ეკიპაჟით.
ეს ამბავი მაშინვე არ გახმაურდა…. და დღეს მე რომ ამ გემის შესახებ ვწერ ასტროფიზიკოსი მორის ჯესუპის დამსახურებაა. 1956 წელს მან გამოსცა ნაშრომი დროსა და სივრცეში მოგზაურობის შესახებ. სწორედ ამ ნაშრომს გამოეხმაურა კ. ალენდე, რომელიც მატკიცებდა, რომ ხომალდ “ენდრიუ ფიურესეტზე” მსახურობდა. “ენდრიუ ფიურესეტიც” ზემოთხსენებული ექსპერიმენტის მონაწილე იყო. მისი მტკიცებით, მან თავის თვალით ნახა, როგორ გაუჩინარდა “ელდრიჯი” ნისლში, მაგრამ ამის სედეგად არანაკლებ საინტერესო ამბები მოხდა. როგორც გითხარით ელდრიჯი ისევ გაჩნდა, ხოლო გადარჩენილ ეკიპაჟს უცნაური ანომალიები დაეწყოთ: ჯერ იყო და 2 მეზღვაური თავისით აალდა და 18 დღე იწვოდა, ისე რომ ვერავინ შეძლო ცეცხლის ჩაქრობა და შემდეგ ერთი მატროსი საკუთარი სახლის კედელში გაუჩინარდა, საკუთარი ოჯახის თვალწინ. ეს ყველაფერი ჯესუპიმ მოიძია და ბოლოს საკუთარი აზრი ჩამოაყალიბა ამის შესახებ: “ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო და იმავდროულად ძალიან საშიშია. დიდ ზეგავლენას ახდენს მონაწილე სუბიექტებზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ მაგნიტური გენერატორები, რომლებიც მუშაობდნენ რეზონანსულ სიხშირეებზე და ქმნიდნენ საშინელ ველს ხომალდის გარშემო. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი განზომილებიდან დროებითი ამოვარდნა და შეიძლება შეფასდეს როგორც სივრცითი გარღვევა, თუ პროცესი კონტროლს დაექვემდებარება.” მაგრამ თუკი ამ ამბის გამოძიება საჭირო იყო, განა თავის დროზე არ გამოიძიებდნენ? ამას ვერ მიხვდა ჯესუპი, რომელმაც როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი რამ შეიტყო ამ ექსპერიმენტის შესახებ და დაისაჯა კიდეც… იგი მოკლული იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალები კატეგორიულად უარყოფდა ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მოწმეები გამოჩნდნენ, რომლებსაც ნანახი ჰყავდათ ეს გემი, ასევე ცნობილი გახდა აინშტაინის მიერ შესრულებული გამოთვლების შავი ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები სადაც აღწერილი იყო, როგორ გადნა ეკიპაჟის ორი გადარჩენილი წევრი ყველას თვალწინ.
ეს ამბავი დღესაც არ არის ბოლომდე გახსნილი და დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს. ამერიკელი ინჟინერ-ელექტრიკოსი ადამ სკილინგი ყვება: “1990 წელს ჩემმა ფლორიდელმა მეგობარმა მარგარეტ სენდისმა მე და ჩვენი საერთო მეგობრები დაგვპატიჟა ექიმ კარლ ლაისლერთან, რათა განგვეხილა ექსპერიმენტის ზოგიერთი დეტალი. ლაისლერი ფიზიკოსია, რომელიც მუშაობდა 1943 წელს აღნიშნულ პროექტზე. მისი თქმით, გემზე დაყენებული გენერატორები იმ რაოდენობის ენერგიით იკვებებოდა, რაც საშუალო ზომის ქალაქის განათებას სავსებით ეყოფოდა. ექსპერიმენტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს უნდა შეესრულებინა ეკრანის ფუნქცია რადარის ტალღებისთვის. ლაისლერი ნაპირზე იმყოფებოდა და აკონტროლებდა ექსპერიმენტის მსვლელობას. როცა მაგნერტონი ამუშავდა, ხომალდი გაქრა. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაჩნდა, მაგრამ ეკიპაჟის დიდი ნაწილი გარდაცვლილი იყო. ზოგიერთი გვამი გარდაიქმნა იმ ტიპის მეტალად, რომლისგანაც ხომალდი იყო დამზადებული. ამბის მოყოლისას იგრძნობოდა, რომ დაინვალიდებული ლაისერი ამ დრომდე გრძნობდა სინდისის ქენჯნას გარდაცვლილ მეზღვაურთა გამო. ლაისერი და ექსპერიმენტის მონაწილე მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ მათ გაგზავნეს ხომალდი სხვა დროში. ამ დროს ხომალდი დაიშალა მოლეკულებად და როცა დაიწყო უკუპროცესი, ადამიანის ორგანული მოლეკულების ნაწილი შეიცვალა მეტალის ატომებით.”

სპარტა – ძველი ისტორიული კულტურის მითები და რეალობა

ძველი სპარტის ისტორიის ირგვლივ დღესაც მიდის კამათი იმის შესახებ არსებული ჩვენამდე მოღწეული ინფორმაცია  მითია თუ რეალობა? ნამდვილად იყვნენ სპარტანელები დაბადებულები მეომრებად და ნამდვილად არ უყვარდათ გონებრივი სამუშაო? სინამდვილეს შეესაბამება ფაქტი მათი  მკაცრი წესების შესახებ, რომლითაც სპარტანელებს საკუთარ სახლებში ეკრძალებოდათ საჭმლის ჭამა?
სპარტაზე საუბრის დაწყებისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ძველბერძნული სახელმწიფოს სახელწოდება იყო „ლაკედემონი“, ხოლო მისი მაცხოვრებლები საკუთარ თავებს ლაკედემონელებად მოიხსენიებდნენ. სახელწოდება „სპარტა“-ს აღმოცენება უკავშირდება არა ელინელებს, არამედ რომაელებს.
სპარტას, ისევე როგორც სხვა უამრავ უძველეს სახელმწიფოს საკმაოდ რთული სოციალური სისტემა გააჩნდა. ფაქტიურად საზოგადეობა იყოფოდა სრულუფლებიან, არასრულუფლებიან და დამოკიდებულ კატეგორიად. ყოველ კატეგორიაში არსებობდა წოდებები. მიუხედავად იმისა, რომ „ილოტები“  მონებად ითვლებოდნენ, თანამედროვე ადამიანის გაგებით ისინი სულაც არ წარმოადგენდნენ მონებს, არსებული მოვალეობებისა და უფლებების გათვალისწინებით. ილოტებს ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. ასევე უნდა მოვიხსენიოთ „ჰიპომეინები“ , რომელშიც შედიოდნენ სპარტის მოქალაქეთა ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები. ისინი არასრულუფებიან მოქალაქეებად ითვლებოდნენ, თუმცა ზოგიერთ სოციალურ კატეგორიაზე მაღლაც კი იდგნენ. ამის გათვალისწინებით  არსებული თეორია იმის შესახებ, რომ არასრულფასოვან ბავშვებს ხოცავდნენ ეჭვის ქვეშ დგება.
უსიტყვოდ, სპარტაში მთელი მისი არსებობის მანძილზე არსებობდა ბავშვთა (ბიჭების) აღზრდის ძალიან სასტიკი სისტემა სახელწოდებით „აგოგე“, რაც ბერძნულიდან, რომ გადმოვთარგმოთ „წაყვანა“-ს ნიშნავს. ცნობილია, რომ ბიჭები 6-7 წლის ასაკიდან მიჰყავდათ სამხედრო სამსახურისათვის აღსაზრდელად. რამდენადაც აგოგე წარმოადგენდა საკმაოდ მკაცრ აღმზრდელობით სისტემას, არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში საკმაოდ მაღალი იყო. სწორედ აქედან შეიძლება მომდინარეობდეს აზრი იმის თაობაზე, რომ სუსტ ბავშვებს თავიდანვე იშორებდნენ.
კიდევ ერთი პოპულარული მითი – სპარტანელთა არმიის დაუმარცხებლობა. არსებული წყაროების მიხედვით სპარტანელების არმია საკმაოდ ძლიერი იყო, რათა მეზობელ სახელმწიფო წარმონაქმნებზე გავლენა მოეხდინა, თუმცა როგორც ცნობილია მან დამარცხების გემოც იცოდა. მეომრები გამოირჩეოდნენ საბრძოლო ხელოვნების უბადლო ცოდნითა და  შესანიშნავი ფიზიკური მომზადებით.  მათი სამხედრო დისციპლინა მეზობელ ხალხებმაც კი გადაიტანეს და დანერგეს. სპარტანელების სუსტ მხარედ საინჟინრო საქმიანობის უცოდინრობა წარმოადგენდა, რაც მტრის შემოსევის დროს ქალაქის დაცვას ერთიორად ართულებდა.
სპარტაში მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა გონებრივი შრომა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპარტამ საერთოდ არცერთი პოეტი  ან მწერალი არ უსახსოვრა ისტორიას. კულტურულ სფეროში ყველაზე ცნობილი პერსონები ალკმანი და ტერპანდრი გახლდნენ. სტერეოტიპი  კულტურულ განუვითარებლობაზე სავარაუდოდ დაიბადა, იმის გამო რომ ალკმანი და ტერპანდრი არ იყვნენ ქალაქის მკვიდრი სპარტანელები.
სპარტანელების ცხოვრების წესი, ისევე როგორც ვიკინგების, უამრავი ადმიანში ასოცირდება მხოლოდ ბრძოლასთან, ხმალთან, ფართან, რქიან ჩაფხუტებთან. თუმცა რეალობა სულ სხვაა, ლაკედემონებს უამრავი ისეთი რამ ჰქონდათ, რომელის ცოდნაც თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.

,,კოლხური ტომი მოსინიკები”

მოსინიკები ცხოვრობდნენ სამხრეთ კოლხეთში შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით.მათი განსახლების არეალზე ცნობები დაგვიტოვეს ჰეკატე მილეტელმა, სტრაბონმა და სხვამ.ჰეკატე მილეტელის ცნობის თანახმად, მოსინოკები ცხოვრობენ კერასუნტისა და ფარნაკიის მიდამოებში, ხოლო ქსენოფონტეს ცნობით, მოსინოკების ქვეყანა იყო მთაგორიანი, მაგრამ მათ ზღვაც ჰქონდათ; მათი მეზობლები აღმოსავლეთით იყვნენ კოლხები და დრილები, დასავლეთით – მათივე ქვეშევრდომები ხალიბები.
მოსინიკებს იხსენიებს მთელი რიგი ავტორთა, ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.), ფსევდო-სქილაკსი (ძვ.წ. IV ს.), ევდოქსე როდოსელი (ძვ.წ. III ს.), აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.), ფსევდო სკიმნოს ქიოსელი (ძვ.წ. II ს.), დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), დიონიოს პერიეგეტი (II ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403), ამიანე მარცელინე (IV ს.)… სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.) თუმცა მოსინიკების შესახებ ვრცელ ცნობებს მხოლოდ სტრაბონი და ქსენოფანტე გვაწვდიან.
ბერძენი და რომაელი ავტორების აზრით, მოსინოკების სახელი მომდინარეობს ბერძნული მოსსუნ “ხის კოშკი” და ოიკოს “სახლი” სახელებისგან.ივ. ჯავახიშვილის აზრით, “მოსსვინიკი” არის ქართველური წარმომავლობის სიტყვა: მო-//მა- თავსართია, სსვინ- იგივე რაც ჭან- (ჭანეთი) ფუძე, ხოლო -იკ- არის მრავლობითობის -ხ- სუფიქსის რეფლექსი.ს.ჯანაშია აზრით, სანიგ- ფუძე ამოსავალია მოსინიკ- ფუძისათვის; ამ უკანასკნელში გამოიყოფა მა-/მე-/მო-/მუ- ქართველური პრეფიქსი, სინ-/სან- ძირი და -იკ- სუფიქსი.
მოსინიკები საკმაოდ დაწინურებული ყოფილან მეზობელ ტომებთან შედარებით. ივ. ჯავახიშვილი სტარბონზე დაყრნობით წერს : იმ ქართველი ტომების მიწა-წყალი, რომელნიც შავი ზღვის სამხრეთითა ცხოვრობდნენ, ბუნებრივი თვისებების მიხედვით, ორ ნაწილად იყოფებოდა: ერთი ზღვის სანაპირო იყო, მეორე კიდევ მთა-ადგილები.რასაკვირველია ისინი, ვინც ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ, უკეთესს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. აქ ხალხი თევზს იჭერდა, ნაჭერ-ნაჭერად სჭრიდა და ამარილებდა, ზოგს-კი (თევზის ქონს) ყველაფერში ბლომადა ხმარობდნენ ხოლმე. ქსენოფონტეს უკვე IV საუკუნეში ქრ. წ. მოსინიკების სახლებში დიდ ქილებში ჩადებული, დაჭრილი და დამარილებული ზღვის ღორის (დელფინების) ხორცი დახვდა; დოქებში კიდევ ამ თევზის ქონი იყო შენახული, რომელსაც მცხოვრებნი ძროხის ერბოს მაგივრად ხმარობდნენ. თუმცა სახნავი მიწა სამყოფი არა ჰქონიათ იმიტომ, რომ ვაკე ადგილი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ რაკი იქ ნიადაგი ნაყოფიერი და ღონიერია, ქსენოფონტეს და მისს ამხანაგებს სახლებში დიდძალი განიავებული პური დახვდათ, რომელიც მოსინიკების სიტყვით შარშანდელი გამოსავლისა ყოფილა, და ახალი ჯერ კიდევ გაულეწავი პური სდგმიათ. კოლხების სოფლებში ბერძნების ჯარისკაცებმა დიდძალი სურსათი იპოვეს და აუარებელი ფუტკრის სკები ნახეს. ერთი სიტყვით, აქ ხალხი ძალიან მისდევდა მიწის მოქმედებას და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ მცხოვრებნი ბევრნი იყვნენ და პური სამყოფი ყველგან არ ყოფილა; კაკლითა და წაბლით ივსებდნენ, თურმე, დანაკლისს; ახლო-მახლო მთები სავსე იყო ხოლმე ამ ხეებით. ქსენოფონტე მოგვითხრობს, რომ მოსსინიკები წაბლს განსაკუთრებით ან მოხარშულსა სჭამდნენ ან არადა პურად გამომცხვარსაო. მიწის მოქმედების გარდა, აქ ღვინის დაყენებასაც მისდევდნენ. იქაური ღვინო, ქსენოფონტეს სიტყვით, უწყლოდ მეტად ცხარე იყო და გემოთი მწკლარტე, წყალ-ნარევი კი სურნელოვანი და სასიამოვნო სასმელიო ჯერ ჰეროდოტეს დროსვე შავი ზღვის ნაპირი, სახელდობრ მაშინდელი კოლხეთი, სელის ქსოვილებით იყო განთქმული. ელინები ამ ქსოვილებს სარდონის ტილოებს ეძახდნენ” ცხადია მოსინიკების დაწინაურება სხვა ტომებთან შედარებით განაპირობა მათმა საცხოვრებელმა ადგილმა, რომელიც სხვა ადგილებთან შედარებით უფრო ნოყიერი იყო, ასევე ზღვის გასწვრივ მდებარეობდა რაც ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც თევზჭერით იყვნენ დაკავებულნი, რასაც ადასტურებს ზემოთ მოყვანილი სტრაბონისეული ცნობა.
როგორც ცნობებიდან ჩანს მოსინიკები მხოლოდ თევზაობით არ ირჩენდნენ თავს, მართალია მეტალურგიაში მათი მოძმე ტომი ხალიბები უფრო დაწინაურებულები იყვნენ თუმცა არც მოსინიკები ჩამოუვარდებოდნენ მათ მეტალურგიულ საქმიანობაში.ბერძნების მეცნიერის თქმით, მოსინიკების თითბერს ლაპლაპი გაჰქონდა და მეტის-მეტად თეთრი ყოფილა თურმე. მოსინიკები სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენ ხოლმე… მოსინიკების ძველი ჭურჭელი საუკეთესო იყო, ეხლანდელი კი ისე კარგი აღარ არისო.როგორც ჩანს ამ პერიოდში ელადაში ხალიბური წარმოების ჭურჭელი უფრო ფასობს ვიდრე მოსინიკების მიერ წარმოებული. თუმცა ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს. ძ.ვ.წ V საუკუნეში სტარბონის ცნობით სოფლები გაშენებული ყოფილა მთების კალთაზე ასევე სტრაბონის გადმოცემით მოსინიკებს სახლები ორსართულიანი სცოდნიათ, ზევით სანოვაგესა და სურსათს ინახავდნენ, ძირს კი თვითონ უცხოვრიათ. როგორც ჩანს ხის სახლები იაფი ჯდებოდა რადგან საკმაოდ იყო მოსინიკების მიწა წყალზე ხე_ტყე, მოსინიკები ასვე ხისგან აგებდნენ ზღუდეებსაც.მოსინიკების შესახებ ასევე საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ქსენოფონტემ, ქსენოფონტე განსაკუთრებით მოსინიკების ქცევას გაუკვირვებია: როცა ისინი მარტოკა იყვნენ ხოლმე, თავი ისე ეჭირათ, თითქოს საზოგადოებაში ყოფილიყვნენ: თავიანთთვის მაღალხმივ ლაპარაკობდნენ თურმე, ხარხარებდნენ, ადგებოდნენ და ცეკვას დაიწყებდნენო.მამაკაცებს ზურგისა და წინა-ტანის კანი ფერადი წამლებითა ჰქონდათ მოხატული. ეტყობა ტანისამოსი ძალიან მოკლე, წამოსასხამის მაგვარი, ჰქონდათ, თორემ სხეული რომ ტანისამოსით დაფარული ჰქონოდათ, მაშინ ტანის მოხატვას რაღა აზრი ექნებოდა.
ქსენოფონტეს აზრით მოსინიკები ყველა ტომებზე უფრო ველური ყოფილან. მოსინიკებს თურმე დაურიდებლად სქესობრივად შეუღლება სწადდათ იმ როსკიპებთან, რომელნიც ელლინებს თან მიჰყავდათ ― ასეთი ზნე ჰქონიათო, დასძენს ბერძენი ისტორიკოსი (ივ.ჯავახიშვილი).ჰეროდოტეს ცნობის თანახმად ტიბარენებს, მაკრონებსა და მოსინიკებს თავზე ხის ჩაფხუტები ეხურათ, იარაღად კიდევ პატარა შუბებს და ფარს ხმარობდნენ ხოლმე. შუბები დიდწვეტიანი იყო, როგორც ჩანს ეს ტომები ბერძენთა შემოტევისას ერთიანდებოდნენ და გაერთიანებული ძალებით ებრძოდნენ.ივანე ჯავახიშვილის თქმით, ყველაზე უკეთესად მოსსინიკები იყვნენ შეიარაღებულნი თითოეულს ტყავგადაკრული დაწნული ფარი ჰქონდა, ხელში 15-წყრთიანი შუბი ეჭირა, რომელსაც თავზე ჯერ ვაშლი ჰქონდა გაკეთებული, მერე შუბი; ყველას პაფლაღონიური რკინის ცულები დაჰქონდა, ტანზე პატარა ნაქსოვი პერანგები ეცვა, რომელიც მუხლებამდისა სწვდებოდა, ხოლო თავზე ტყავის ჩაფხუტები ეხურათ.
მრავალ ათასწლოვან საქართველოს ისტორიის სათავეში მდგომი, კოლხეთის სამეფო შედგებოდა სხვადასხვა, თუმცა ერთი მოდგმის ტომებისაგან, ერთერთი გამორჩეული ტომი გახლდათ სწორედ მოსინიკები.
გამოყენებული ლიტერატურა
1.სტრაბონი გეოგრაფია რედაქტორი: თ.ყაუხჩიშვილი
2.ივანე ჯავახიშვილი “ქართველი ერის ისტორია” ტომი I 1979 წელი
3.ქართველთა აღმნიშვნელი ძველი და ახალი სახელები

30 Ekim 2015 Cuma